პროკურორი - ის, რომ ბრალდებულების პროცესი ზედიზედ ჩაინიშნა, არ შეიძლება ჩავთვალოთ არასრულწლოვნების ინტერესების დარღვევად
ის, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების ორი პროცესი ზედიზედ ჩაინიშნა, არ შეიძლება არასრულწლოვნების ინტერესების დარღვევად ჩავთვალოთ, – ამის შესახებ მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.
პროკურორმა განაცხადა, რომ საქმის დროულად განხილვა დაცვის მხარის ინტერესებში უნდა შედიოდეს, ხოლო ადვოკატების პროტესტის საპასუხოდ, რომ ისინი ზედიზედ ჩანიშნული პროცესების გამო, ბრალდებულებთან კომუნიკაციას ვერ ახერხებენ, პროკურორმა განაცხადა, რომ სხდომის დაწყებამდე სასამართლო მათ ამის საშუალებას მისცემს.
„რაც შეეხება პიროვნებების ინტერესის დაცვას, ესეც ემსახურება მათი ინტერესების დაცვას და რა თქმა უნდა, პროცესების ჩანიშვნა შემდგომ პერიოდში გათვალისწინებული და შეჯერებული იქნება უშუალოდ არასრულწლოვნების ინტერესებთან. რა თქმა უნდა, ის, რომ ზედიზედ ორი პროცესი ჩაინიშნა ყოველდღირად, არ შეიძლება ჩავთავალოთ არასრულწლოვნების ინტერესების დარღვევად. რაც შეეხება მომდევნო პროცესებს, ისინი ჩაინიშნება, როგორც არასრულწლოვნების ინტერესების, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამი არასრულწლოვანი ბრალდებული შიმშილობს, პროკურორის თქმით, ეს ბრალდებულების უფლებაა, თუმცა მისი ინფორმაციით, დასახელებულ არასრულწლოვნებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საკვები იგივე რაოდენობით მიეწოდებათ.
რაც შეეხება კიდევ ერთ ინფორმაციას ბრალდებულებისთვის საკნებში განთავსებული ტელევიზორების ჩამორთმევაზე, პროკურორის თქმით, ასეთი ინფორმაცია არ აქვს. თუმცა, სჯერა, რომ ადვოკატების ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
რაც შეეხება ხვალინდელ სხდომას, სადაც მოწმეების დაკითხვა უნდა დაიწყოს, პროკურორის თქმით მოწმეების ვინაობას ვერ დაასახელებს.
სხდომა მცხეთის სასამართლოში ხვალ, 11:00 საათზეა ჩანიშნული.