თბილისის საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საქმეზე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის ეკა ქობესაშვილის გამოკითხვა დასრულდა.
პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, გამოძიების მხრიდან ყველა ის მნიშვნელოვანი კითხვა დაისვა, რაც დაკავშირებული იყო მტკიცებულებების ფალსიფიკაციასთან.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთი განმარტება, რაც ქალბატონმა ეკამ გააკეთა, რომ ის თავიდანვე ურჩევდა მიხეილ რამიშვილს, დაესახელებინა წყარო, როდესაც ორდღიანი პერიოდი ისურვა. 8 სექტემბერს, როდესაც რამიშვილმა წარმოადგინა ფოტოსურათები, მოითხოვა ორი დღე, რომ შეათანხმებდა ამ გარემოებას წყაროსთან, თუმცა საგამოძიებო ორგანოსთან მას შემდეგ გამოცხადდა, რაც პროკურატურის ბრიფინგზე გაკეთდა შესაბამისი განცხადება, რომ ფალსიფიკაციასთან მიმართებაში ჩვენ ამ გარემოებას შევისწავლიდით.
ვიდრე რამიშვილი საგამოძიებო ორგანოში განაცხადებდა წყაროს ვინაობას, თქვენთან, მედიასთან საჯაროდ დაუკავშირდა ამ პიროვნებას, შეატყობინა, რომ აპირებდა მის დასახელებას. ასევე, მისი ვინაობა ინფორმირებული გახადა თქვენთვის, რამაც არსებითად დააზარალა გამოძიების ინტერესები იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ იმ დღესვე, როდესაც დაასახელა დავით ფურცხვანიძე, დავიწყეთ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რომელიც ეხებოდა ფურცხვანიძის სახლის და ოფისის ჩხრეკას“, – განაცხადა გუმბერიძემ.
კითხვაზე, „დავით ფურცხვანიძის თქმით, პროკურორი ცრუობს, როდესაც აცხადებს, თითქოს ის იყო წყარო ყარაბაღის თემაზე“, – გუმბერიძე ამბობს, რომ ერთადერთი პირი, ვინც ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლად ფიქსირდება, დავით ფურცხვანიძეა.
„ამ განცხადებასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ერთადერთი პიროვნება, ვინც ფიქსირდება ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლად, გახლავთ დავით ფურცხვანიძე. რაც შეეხება მის ჩვენებას, რაც სასამართლოში გააკეთა, ასევე იმ მტკიცებულებებს, რაც გადასცა დამცველ ადვოკატებს და წარმოგვიდგინეს გამოძიებაში, დღეის მდგომარეობით, ამ კონკრეტულ საქმეზე ცრუ და ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი გახლავთ დავით ფურცხვანიძე“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.
რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა ფურცხვანიძეს ბრალი წარედგინოს, პროკურორი ამბობს, რომ ყველა გამოძიებას უნდა დაელოდოს და ამ ეტაპზე კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ განიხილოს.
„დღეის მდგომარეობით ჩვენ ნუ განვიხილავთ კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხს, დაველოდოთ გამოძიებას, ჩვენ ვატარებთ ყველა აუცილებელ საგამოძიებო მოქმედებას და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ შეიტყობს ააზოგადოება“, – აღნიშნა დავით გუმბერიძემ.
ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით კი გუმბერიძე ამბობს, რომ დაკითხვისას, თამაზაშვილმა თქვა, რომ იარაღის უკანონოდ ვაჭრობის საკითხზე ინფორმაცია ინტერნეტ სივრციდან ჰქონდა.
„30 აგვისტოს გაკეთდა პროკურატურასთან განცხადება, სადაც ქალბატონმა თეონამ განაცახადა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, მისი შვილი ჩართული იყო ყარაბაღის ომში გარკვეულწილად იარაღის უკანონოდ ვაჭრობასთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც მოითხოვა ამ ფაქტის შესწავლა. როდესაც ჩვენ სასამართლოში დავკითხეთ თეონა თანაზაშვილი, მან განაცხადა, რომ ინფორმაცია ჰქონდა ინტერნეტ სივრციდან, ასევე დაკითხვის პროცედურის დროს ჩვენ წარმოგვიდგინა დავით ფურცხვანიძის კვლევა, სადაც დეტალურად აღწერს ეს უკანასკნელი, თუ რასთან დაკავშირებით მოხდა საბოლოო ჯამში თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობა“, – განაცხადა დავით გუმბერიძე.
გარდა ამისა, გუმბერიძის განმარტებით, დავით ფურცხვანიძის პიროვნებით პროკურატურა დაინტერესდა მანამ, ვიდრე მიხეილ რამიშვილი მის ვინაობას დაასახელებდა.
ასევე, გუმბერიძის თქმით, უმჯობესი იყო, რამიშვილის დავით ფურცხვანიძის ვინაობა ჯერ საგამოძიებო უწყებაში დაესახელებინა, ვინაიდან სახელი და გვარის საჯარო სივრცეში გაჟღერებით, არსებითად დაირღვა გამოძიების ინტერესები და გარკვეულწილად ხელი შეეშალა მტკიცებულების მოპოვებას.
„დავით ფურცხვანიძის პიროვნებით პროკურატურა მანამდე დაინტერესდა, ვიდრე მიხეილ რამიშვილი ჩვენ მიერ ჩატარებული ბრიფინგის შემდეგ გააცნობიერებდა ყველაფერს, თავისი ფეხით გამოცხადდებოდა და დაასახელებდა მის ვინაობას. ფურცხვანიძის პიროვნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და ჩვენ დავიწყეთ ამ პიროვნების შესწავლა, ჩვენ ჩავატარეთ ყველა მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედება. ფურცხვანიძესთან მიმართებაში ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რაც თეონა თამაზაშვილმა წარმოადგინა. რაც შეეხება ვინაობას, როდესაც მიხეილ რამიშვილმა განაცხადა პროკურატურაში მისი ვინაობა, ამის შემდგომ დაინტერესდა პროკურატურა ფოტოსურათებთან მიმართებაში. თუმცა რამიშვილის, როგორც დამცველი ადვოკატის მოქმედება ამ შემთხვევაშიც არ იყო გამართლებული გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ უმჯობესი იყო, საგამოძიებო ორგანოში დაესახელებინა ამ პიროვნების სახელი და გვარი, არ განეცხადებინა საჯარო სივრცეში და არ ყოფილიყო მედიისთვის ხელმისაწვდომი, გამომდინარე იქიდან, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არსებითად დაირღვა გამოძიების ინტერესები და გარკვეულწილად ხელი შეგვიშალა მტკიცებულების მოპოვებაში.
დავით ფურცხვანიძეს დაკითხვისას ვკითხეთ, პირადად დავით ფურცხვანიძემ ოჯახის წევრებს მიაწოდა თუ არა ინფორმაცია იმ კვლევების თაობაზე, რაზეც ჩატარებული აქვს იარაღის უკანონოდ ვაჭრობასთან დაკავშირებით და დაუკავშირა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს. მოწმე დავით ფურცხვანიძემ განმარტა, რომ მან გადაუგზავნა თეონა თამაზაშვილს და ასევე მიხეილ რამიშვილს „ფეისბუქის“ საშუალებით“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.
გუმბერიძის განცხადებით, პროკურატურა მოქმედებს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რაც შეეხებოდა მხოლოდ დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციას და სატელიტის ფოტოებს.
„მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებით, მხარდასაჭერად აქ დამცველი ადვოკატებიც არიან შეკრებილი, საკმაოდ საპატივცემულო ადამიანები და ამ ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ ერთი ფაქტი, ჩვენ – პროკურატურა ვმოქმედებთ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ეს განჩინება შეეხებოდა მხოლოდ დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციას და სატელიტის ფოტოებს. მთელი პროცედურა, რაც უკავშირდებოდა რამიშვილის ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვას, ყველა ჩატარდა რამიშვილის თანხმობით, რამიშვილის მონაწილეობით. ჩვენს მიერ არაერთხელ მოხდა განმარტება, რომ თვითონ დაესახელებინა ის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებული იყო, თუმცა რამიშვილმა გაურკვეველი მიზეზით ორჯერ დატოვა ექსპერტიზის ბიურო“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საქმეზე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი გამოიკითხნენ.
საქმე ეხება მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილ სატელიტის ფოტოებს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, არის დამონტაჟებული და ყალბი. აღნიშნულის თაობაზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე დღის წინ განაცხადა. ამის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, რომ სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მას დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა.