პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი - სიცრუეა, თითქოს „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული მასალები ექსპერტებს ქართულ ენაზე მიაწოდეს
პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის ბრალდების საქმეზე უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სიცრუეა, თითქოს ექსპერტებს მასალები ქართულ ენაზე მიეწოდათ. პროკურორის თქმით, ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის წევრებს დოკუმენტები შესასწავლად გადაეცათ მათთვის გასაგებ ენაზე.
რაც შეეხება ექსპერტების მიერ ქართული კანონმდებლობის ცოდნასთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებს, პროკურორმა აღნიშნა, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია არის ტრანსნაციონალური დანაშაული და ასეთი შემადგენლობა მოქმედებს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის იმ ქვეყნებში, რომლებშიც აღნიშნული ექსპერტები საქმიანობდნენ.
„შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი მათგანი იყო ისრაელის გენერალური პროკურორი და არაერთ გახმაურებულ საქმეზე მონაწილეობდა. მეორე კი, იყო ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამსახურის დირექტორი“, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.
პროკურორის თქმით, ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა დაცვის მხარის მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლობის თაობაზე, რადგან საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც ამ კონტექსტში არ მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა.
„მიგვაჩნია, რომ ეს საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია კანონის დარღვევით და სწორედ ამიტომ ვითხოვთ ამ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას“, – აღნიშნა არჩილ ტყეშელაშვილმა.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 ივლისს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.