პროკურორი აცხადებს, რომ დნმ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ცხედარი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დნმ ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია. როგორც პროკურორმა, დავით გუმბერიძემ განაცხადა, დასკვნის მიხედვით, მაწევანის ტერიტორიაზე, ავტომობილში აღმოჩენილი ცხედარი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის. მისივე თქმით, ოჯახი დნმ-ის დასკვნას გაეცნო.
„დნმ-თან დაკავშირებით, ის ეჭვები, რაც ოჯახს ჰქონდა გამოირიცხა. დადგინდა, რომ გარდაცვლილი წარმოადგენს მათ შვილს“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.
ამასთან, როგორც გუმბერიძემ აღნიშნა, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა უკვე გაიცნო და ამ დასკვნის შესახებ პროკურატურა განმარტებას სავარაუდოდ ხვალ გააკეთებს. მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნა დაიდო.