პროკურორების აცილების შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადებამდე განმარტება გააკეთა, რას გულისხმობს პოლიტიკური მიკერძოება.
მისი თქმით, პროკურორის მედიით გავრცელებულ ინტერვიუში არ იკვეთება პოლიტიკური მიკერძოება, აღნიშნული განცხადება გაკიცხვის კატეგორიაში ჯდება და დაცულია პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი.
„დაყენებული იქნა საკითხი ერთ-ერთი პროკურორის საქმიდან ჩამოცილების თაობაზე, კონკრეტულ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში მის საჯარო გამოსვლასთან დაკავშირებით, რაც დაცვის მხარის ვერსიით, შეფასდა მიკერძოებად და პოლიტიკური მიკერძოების საყვედურით მოითხოვს დაცვის მხარე ერთ-ერთი პროკურორის საქმიდან ჩამოცილებას. ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ შემდეგს, საზოგადოებისთვის რომ იყოს ცნობილი, თორემ ეს დავაში წარმოდგენილი მხარეებისთვის კარგად არის ცნობილი, ახლა მე რა სამართლებრივ შეფასებასაც მივცემ ამას. ჯერ უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რა არის მიკერძოება, შემდეგ რა არის პოლიტიკური მიკერძოება და კონკრეტული ეს სიტყვები ჯდება თუ არა პოლიტიკური მიკერძოების ფარგლებში. მაშასადამე, მიკერძოება გახლავთ გადახრა პირის სასარგებლოდ და საზიანოდ, რაც სამართალში ორივე შემთხვევაში დაუშვებელია. რაც შეეხება პოლიტიკურ მიკერძოებას, პოლიტიკური მიკერძოება გახლავთ ისეთი შემთხვევა, ამ შემთხვევაში რადგან ბრალდების მხარეზეა აპელირება, როდესაც პროკურორი სისხლის სამართლებრივ დევნას და ბრალდებას აფუძნებს არა მხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებზე და შეიძლება, ამ დროს სამართლებრივი არგუმენტებიც იყოს, არამედ უპირატესად პოლიტიკურ მოტივაციაზე, პოლიტიკურ ნიშანზე, პოლიტიკურ საფუძველზე და სარჩულზე. შესაძლებელია, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა ერთი მხრივ წარიმართოს საერთოდ პოლიტიკური ნიშნით, რაც კლასიკური გაგებით პოლიტიკური დევნაა, ამავდროულად შესაძლებელია, არსებობდეს სამართლებრივი საფუძველიც დევნისა და ბრალდებისა, თუმცა პროცესში პროკურორმა გამოიჩინოს იმგვარი მიკერძოებულობა, რომელიც პოლიტიკური ნიშნით არათანაბარზომიერ მდგომარეობაში ჩააყენებს დევნის ადრესატებს. ამ შემთხვევაში, როგორც მე გავიგე, მართალი გითხრათ არ მაქვს ნანახი ეს სატელევიზიო სიუჟეტი და გითხარით კიდეც საწყის ეტაპზე, თუმცა დაცვის მხარემ მოგვასმენინა პროცესზე რამდენიმეწუთიანი ჩანაწერი, სადაც პროკურორი საუბრობს საქმესთან დაკავშირებით და ახსენებს ორ თარიღს. ერთი, როგორც გავიგე, ეს არის 26 მაისი და შემდეგ ეს გახლავთ კიდევ 13 ივნისი, თუ არ ვცდები“, – აღნიშნა მოსამართლემ.
მისივე თქმით, დაცვის მხარეს პრეტენზია აქვს, ამ საქმის ფარგლებში ამ ორი თარიღის მოხსენიებას რა დანიშნულება ჰქონდა.
„მაშასადამე, მათგან ერთი თარიღი პოლიტიკურ აქტივობებთან დაკავშირებული თარიღია, მეორე წმინდად, ადამიანურად ტრაგიკული თარიღი, ხომ?! ახლა ამასთან დაკავშირებით მინდა, გითხრათ, რომ პროკურორი როდესაც ახორციელებს სისხლის სამართლებრივ დევნას და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას, ის მხოლოდ საქმის სამართლებრივ შეფასებას კი არ ნიშნავს, არამედ ბრალდების კომპონენტი მოიცავს მათ შორის გაკიცხვის ელემენტს. გაკიცხვის ელემენტი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს მორალურ კატეგორიას და იქ, სიუჟეტში, რა თარიღებიც იყო ნახსენები და დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ამ თარიღების შემდეგ ასე ვთქვათ იმდროინდელ პრეზიდენტს შეეძლო თუ არა საზღვარგარეთ ასეთი მომსახურება მიეღო. ეს უკვე გადადის, კი ბატონო, შესაძლებელია, გარკვეულწილად სცილდებოდეს კიდეც სამართლებრივ ფაქტებს იმ თვალსაზრისით, რომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს თითქოს აღარ ეხება, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ მორალურ სფეროში გადადის და ამით ხაზი გაესვა იმას, რომ ამ თარიღების შემდეგ, ვთქვათ, პრეზიდენტს უნდა მიეცა თუ არა თავის თავისთვის ამის უფლება, რომ ასეთი მომსახურება მიეღო. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მორალურ სფეროში გადასული საკითხი და აქ პოლიტიკური მიკერძოება გამოვლენილი ნამდვილად არ არის. პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ამ შემთხვევაში დაცულია. მაშასადამე, მოთხოვნა აცილებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა“, – განაცხადა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა.
მიხეილ სააკშვილის ადვოკატებმა პროკურორების აცილების შუამდგომლობა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დააყენეს. ამის მიზეზად მედიაში გავრცელებული ის ინტერვიუ დასახელდა, რომელშიც პროკურორი გიორგი მუჯირი საქმის დეტალებზე და გარემოებებზე საუბრობდა. ადვოკატების მოთხოვნას დარბაზში ხმაური მოჰყვა.
პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.