პროკურატურის შუამდგომლობით კიდევ ერთი პოლიტპატიმრის საქმე გადაისინჯება
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, პოლიტპატიმარ დავით ტატიშვილის საქმე გადაისინჯება.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილი დანაშაულებრივი ფაქტების შედეგად დადგენილია, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს, დავით ტატიშვილი, როგორც ოპოზიციურად განწყობილი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, აქტიურ მონაწილეობას იღებდა რუსთაველზე და შემდგომ რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში.
„ხსენებული აქციიდან სამ დღეში, საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოცილების და 7 ნოემბრის აქციაში მონაწილეობის გამო მისი დასჯის მიზნით, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს დავით ტატიშვილი და ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი““, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
2008 წლის 10 ივლისს, დავით ტატიშვილის მიმართ გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2012 წელს, მანამ სანამ პოლიტპატიმრის სტატუსს შეიძენდა, მან საპატიმრო დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალებით დატოვა.
„დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა სრულიად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, რაც ადასტურებს პოლიტპატიმარ დავით ტატიშვილის უდანაშაულობას. აქედან გამომდინარე, პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების მოთხოვნით“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.