პროკურატურასთან აქციაზე დაკავებულ პირთაგან ერთი, გიგა მაქარაშვილი პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა
პროკურატურასთან აქციაზე დაკავებულ პირთაგან ერთი, გიგა მაქარაშვილი პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირებისას პოლიციამ ექვსი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, ექვსივე პირი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

აქციის მონაწილეთა ნაწილი ამ დროისთვის კახეთის გზატკეცილზე, შსს-ს შენობასთან არის შეკრებილი. ცოტა ხნის წინ პოლიციის შენობა დატოვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე გიგა მაქარაშვილმა. ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

როგორც მაქარაშვილმა განაცხადა, დაკავების დროს ხელი მოტყდა.

„დაკავების დროს მომტყდა ხელი. 40 წუთის განმავლობაში სასწრაფო არ გამოიძახეს. სასამართლოს იმედი არ მაქვს. ნავისებრი ძვალი მაქვს გატეხილი. ნიკა ფარულავას აქვს ნატკენი ხელი“,-  განაცხადა მაქარაშვილმა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან მოძრაობა „სირცხვილიას“, ელენე ხოშტარიას მოძრაობა „დროას“, „თბილისი პრაიდის“, „მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტების ორგანიზებით აქცია გაიმართა. ისინი ნინოწმინდის პანსიონში მყოფი ბავშვების მდგომარეობასთან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღებას, პროკურატურის შენობაში შესვლას ან აღნიშნულ საქმეზე პასუხისმგებელი პროკურორის გამოსვლას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა პროკურატურის შენობაში შესვლა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, 2016-2021 წლებში გამოძიება სისხლის სამართლის ოთხ საქმეზეა დაწყებული.