პროკურატურაში აცხადებენ, რომ ნიკა მელიას საქმეზე აღსრულების ბიუროს დასახელებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები არის საჯარო და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ნიკა მელიას საქმეზე აღსრულების ბიუროს დასახელებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები არის საჯარო და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა მელიას საქმეზე, აღსრულების ბიუროს დასახელებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები არის საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

რაც შეეხება ე.წ. გადახდის უნიკალურ იდენტიფიკატორს, უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს საბანკო ანგარიშზე გირაოს თანხის გადახდის აუცილებელ რეკვიზიტს და გამოიყენება გადახდილი თანხის ანგარიშზე დროულად ასახვისა და ანალიტიკური მიზნებისთვის.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, გირაოს თანხა ბრალდებულს ან სხვა ნებისმიერ პირს, ბრალდებულის სახელით ან მის სასარგებლოდ შეაქვს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე. საბანკო დაწესებულებაში გირაოს თანხის გადასახდელად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს სისხლის სამართლის საქმის ნომერი, იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ვის სასარგებლოდაც ხდება თანხის გადახდა და აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშის რეკვიზიტები. აღსრულების ბიუროს დასახელებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები არის საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ასევე ეს რეკვიზიტები მითითებულია აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლოს განჩინებებში. აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშის მითითებული რეკვიზიტები ასევე ცნობილია თავად ბრალდებულ ნიკანორ მელიასთვის, რადგან მისთვის თავდაპირველად შეფარდებული გირაოს თანხის – 30 000 ლარის ოდენობით გადახდა, სწორედ ამ ანგარიშზე განხორციელდა. რაც შეეხება ე.წ. გადახდის უნიკალურ იდენტიფიკატორს, აღნიშნული არ წარმოადგენს საბანკო ანგარიშზე გირაოს თანხის გადახდის აუცილებელ რეკვიზიტს და გამოიყენება გადახდილი თანხის ანგარიშზე დროულად ასახვისა და ანალიტიკური მიზნებისთვის“, – აცხადებენ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.

ნიკა მელიამ განაცხადა, რომ გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს და არც გადახდისთვის საჭირო სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდი მოუთხოვია.

მელიას თქმით, საიდენტიფიკაციო კოდი მხოლოდ ბრალდებულზე და მის ადვოკატზე გაიცემა, თუმცა აღნიშნული კოდი არც ერთს აქვს. შესაბამისად, მელიას განმარტებით, თუ ვინმე მის მაგივრად გირაოს თანხას გადაიხდის, ეს პროკურატურის და ხელისუფლების მორიგი ბინძური მაქინაცია იქნება.

შეგახსენებთ, „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.

გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.

ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს.