პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით დღეს გავრცელებული ჩანაწერითაც დაინტერესდება
მთავრი პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით დღეს გავრცელებული ფარული ჩანაწერითაც დაინტერესდება.
როგორც პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, უკვე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციით დაინტერესდება.
დღეს გავრცელდა ფარული ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები საუბრობენ. ჩანაწერის მიხედვით, ყიფიანი ორი მინისტრის ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის ავტომობილებს ითხოვს.
ტელეკომპანია „იბერიას“ მიერ დაფინანსების წყაროს შეზღუდვაზე განცხადების გავრცელების შემდეგ, ფარული ჩანაწერი რამდენჯერმე გავრცელდა, რომელშიც ლევან ყიფიანი ფიგურირებდა. ჩანაწერთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ყიფიანი გამოიკითხა.
ტელეკომპანია „იბერიამ“ განცხადება 7 სექტემბერს გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია“, პარალიზებულია. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. თანხის გადაუხდელობის გამო კი, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.