პროკურატურაში აცხადებენ, რომ დეა გოშხეთელიანის ყოფილი მეუღლის საქმეზე, ბრალდების მხარე დაზარალებულის ინტერესების დასაცავად ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს
დეა გოშხეთელიანის ყოფილი მეუღლის, გრიგოლ ბაკურაძის ბრალდების საქმეზე გამოძიების დაწყების დღიდან, ბრალდების მხარეს აქტიური კომუნიკაცია აქვს დაზარალებულ მხარესთან და მისი ინტერესების დასაცავად შესაბამის ღონისძიებებს ატარებს, – ამის შესახებ დეა გოშხეთელიანის განცხადებასთან დაკავშირებით პირველ არხს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.
უწყებაში განმარტავენ, რომ გრიგოლ ბაკურაძის ბრალდების საქმეს, რომელიც ეხება მის მიერ ყოფილი მეუღლის მაგდალინა (დეა) გოშხეთელიანისა და მისი მამის დიმიტრი გოშხეთელიანის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 120-ე მუხლით, ქუთაისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ბრალდების მხარეს გამოძიების საწყის ეტაპზევე მკაცრი პოზიცია ჰქონდა გრიგოლ ბაკურაძის მიმართ, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ იგი ქმედების ჩადენის დღესვე დააკავეს. გრიგოლ ბაკურაძის მიმართ აღკვეთ ღონისძიებად პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად საპატიმრო გირაოს გამოყენების შესახებ, ბრალდების მიერ გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა.
„გამოძიების დაწყების დღიდან ბრალდების მხარეს აქტიური კომუნიკაცია აქვს დაზარალებულ მხარესთან და ატარებს შესაბამის ღონისძიებებს მისი ინტერესების დასაცავად. ყველა სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ ხდება მოწმეების, ასევე სხვა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა და მზადაა საქმის განხილვის დროულად დასრულებისთვის“, – განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.
დეა გოშხეთელიანი, რომელიც მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვას სთხოვს. გოშხეთელიანის თქმით, სასამართლო პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება, ოქტომბერში კი, წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონით, ყოფილმა მეუღლემ სასჯელაღსრულების დაწესებულება უნდა დატოვოს. „ოთხჯერ გადაიდო სასამართლოზე ჩემი დაკითხვა. დაცვის მხარე აჭიანურებს სხვადასხვა მიზეზით პროცესს. ჩემი ყოფილი მამამთილი დამემუქრა, რომ ყველა გავლენას გამოიყენებდა, რათა მინიმალური სასჯელით დატოვოს ციხე ჩემმა ყოფილმა მეუღლემ. მიჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ასეც ხდება. ვთხოვ შესაბამის უწყებებს, სენსიტიურად მიუდგნენ ჩემს პრობლემას და დროულად, სამართლიანად გამოიძიონ მომხდარი”, – აღნიშნა გოშხეთელიანმა.