მთავარი პროკურატურის დაქვემდებარებაში საჯარო ურთიერთობების მდივნის ინსტიტუტი იქმნება
მთავარი პროკურატურის დაქვემდებარებაში საჯარო ურთიერთობების მდივნის ინსტიტუტი იქმნება

მთავარი პროკურატურის დაქვემდებარებაში საჯარო ურთიერთობების მდივნის ინსტიტუტი იქმნება. აღნიშნული საკითხი გათვალისწინებულია „პროკურატურის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით, რომლის ავტორები უმრავლესობის წევრები ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და რუსლან პოღოსიანი არიან.

კანონპროექტის მიხედვით, სხვადასხვა ორგანოსთან, დაწესებულებებთან და უწყებებთან ურთიერთობის მოქნილი მექანიზმის შემუშავების მიზნით, სწრაფი და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად, საჯარო ურთიერთობების მდივნის ინსტიტუტი იქმნება, რომელიც ახალ საშტატო ერთეულს არ წარმოადგენს და სტატუსის განმსაზღვრელი პოზიციაა, რომელსაც პროკურატურის ერთი ან რამდენიმე თანამშრომელი შეითავსებს.

ცვლილებების ავტორების განმარტებით, შესაბამისად, ეს პოსტი არ საჭიროებს დამატებითი რესურსის მოზიდვას, მათ შორის დამატებით ფინანსურ ხარჯებს.

ამასთან, პროექტით კონკრეტდება, რომ საჯარო ურთიერთობების მდივანი უზრუნველყოფს: სახელმწიფო ხელისუფლებისა და მართლმსაჯულების ორგანოებთან, სხვა ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან და წარმომადგენლობებთან პროკურატურის კოორდინირებულ ურთიერთობას; ასევე წინადადებების მომზადებას საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. აგრეთვე, კოორდინირებას გაუწევს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას.

ზემოთ აღნიშნული ცვლილებების გარდა, პროექტის მიხედვით, მკვეთრად იმიჯნება პროკურატურისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ცალკეულ ორგანოთა უფლებამოსილებები.

კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით, იუსტიციის მინისტრი, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი პირი, უზრუნველყოფს პროკურატურის სისტემის მართვას. საკონსტიტუციო ცვლილებიდან გამომდინარე კი, ორგანული კანონის პროექტით, საქართველოს გენერალურ პროკურორს გადაეცემა იუსტიციის მინისტრის შესაბამისი უფლებამოსილებები. კერძოდ, ორგანული კანონის პროექტით მკვეთრად იმიჯნება საქართველოს პროკურატურისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ცალკეულ ორგანოთა უფლებამოსილებები. მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი პირი, უზრუნველყოფს პროკურატურის სისტემის მართვას.

„საკონსტიტუციო ცვლილებიდან გამომდინარე, ორგანული კანონის პროექტით, გენერალურ პროკურორს გადაეცემა იუსტიციის მინისტრის შესაბამისი უფლებამოსილებები. კერძოდ: – სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის, პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრა; საშტატო ერთეულების მართვასთან დაკავშირებული საკითხები (შექმნა, გაუქმება, გადატანა, უფლებამოსილების განსაზღვრა); სისხლის სამართლის პოლიტიკის შესაბამისად მისი სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცება; პროკურატურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცება; პროკურატურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცება; დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა; დამოუკიდებლად აღსრულება (დაკავება/ექსტრადიციისთვის ინტერპოლის არხებით ძებნის გამოცხადება, სამართლებრივი დახმარებების შუამდგომლობებით მიმართვა და აღსრულება ადგილზე, სისხლის სამართლის საქმის მასალების უცხო ქვეყნიდან გამოთხოვა/უცხო ქვეყნისთვის გადაცემა, ძებნილი პირის ექსტრადიციის მიზნით უცხო სახელმწიფოსთვის მიმართვა და საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მიერ ძებნილი პირის საექსტრადიციო პროცედურებში მონაწილეობა დასაშვებობის სტადიაზე, ქონების ჩამორთმევა/განაწილების საკითხების მართვა)“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.