პროკურატურამ სოფელ ლაფანყურში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 21 იანვარს, ფიზიკური დაპირისპირების დროს, შურისძიების მოტივით, კონფლიქტში მონაწილე ორი პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით დაჭრა.
„ასევე, კონფლიქტის დროს ბრალდებულის მხრიდან გასროლის შედეგად დაიჭრა მისივე მეგობარი. ბრალდებულს ადგილზე მყოფმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღი წაართვეს და სროლის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის ,,ბ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.