პროკურატურამ ორი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა და პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა
საქართველოს პროკურატურამ ორი არასრულწლოვანი გოგონას მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე თ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ს.-მ წინასწარი შეცნობით თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი გოგონების მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. სამართალდამცველებმა თ.ს. 2021 წლის 15 აპრილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და „ზ“ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ და 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ნდობის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.