პროკურატურამ ორი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა და პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა
პროკურატურამ ორი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა და პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

საქართველოს პროკურატურამ ორი არასრულწლოვანი გოგონას მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე თ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ს.-მ წინასწარი შეცნობით თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი გოგონების მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. სამართალდამცველებმა თ.ს. 2021 წლის 15 აპრილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და „ზ“ ქვეპუნქტით  (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ და 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ნდობის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.