პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა
პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს მიმართა.

სავარაუდოდ დღესვე გაიმართება სხდომა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.

ამასთან, საქართველოს პარლამენტმა გუშინ თანხმობა განაცხადა, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.

პროკურატურის ინფორმაციით, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.