პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
როგორც საქართველოს პირველ არხს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, უწყებამ სააპელაციო სასამართლოს უკვე მიმართა. საჩივრის განსახილველად სააპელაციო სასამართლოს 72 საათიანი ვადა აქვს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. პროკურატურა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.
საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდებულს დაეკისრა დამატებითი ვალდებულებებიც, კერძოდ, ნიკანორ მელიას აეკრძალა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე, დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს დაცვის მხარეც მიმართავს. დეპუტატის ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გარკვეულწილად კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. შესაბამისად, დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მელიასთვის კონკრეტული შეზღუდვების დაწესებაზე, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მათ შორის საუბარია შეზღუდვაზე, რომლის თანახმად, ნიკანორ მელიას აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნიკანორი მელიას ბრალად ედება: ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმიწინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა; ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.