საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნიკა მელიასთვის შეზღუდვების დაწესების ნაწილში, ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს  
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნიკა მელიასთვის შეზღუდვების დაწესების ნაწილში, ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს  

დეპუტატ ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გარკვეულწილად კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის.

შესაბამისად, დაცვის მხარე ხვალ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მელიასთვის კონკრეტული შეზღუდვების დაწესებაზე, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მათ შორის საუბარია შეზღუდვაზე, რომლის თანახმად, ნიკანორ მელიას აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

„რაც გავეცანით დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, დამატებითი ღონისძიებების ნაწილში მიგვაჩნია, რომ გარკვეული დებულებები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან. კერძოდ, სასამართლოს მიერ ნიკა მელიას აეკრძალა საცხოვრებელი სახლის დატოვება პროკურორთან წინასწარი კომუნიკაციისა და თანხმობის გარეშე. აქ არ არის დათქმა, რა მიზეზით ან დროის რომელ შუალედში მოისურვებს ნიკანორ მელია სახლის დატოვებას, არ არის დათქმა, მაგალითად, თუ ნიკანორ მელია საცხოვრებელ სახლს დატოვებს იმ მიზნით, რომ მივიდეს პარლამენტში და განახორციელოს მისთვის კანონით და კონსტიტუციით მინიჭებული პარლამენტის წევრის უფლებამოსილებები. ასეთ შემთხვევაში, ისმის შეკითხვა, მოსამართლემ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა გადაიტანა პროკურატურის მხარეს, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პროკურორი ასეთ დროს უარს ეტყვის ნიკანორ მელიას“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი განმარტებით, ამ განჩინების საფუძველზე, მელიას ეზღუდება მისთვის მინიჭებული, კონსტიტუციით გარანტირებული საქმიანობის სრულყოფილად განხორციელების უფლება.

„საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ გარანტირებული უნდა იყოს და უზენაესი კანონი გარანტიას აყენებს, რომ შეუფერხებლად უნდა მოხდეს პარლამენტის უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელება. დღეს ნიკანორ მელია სარგებლობს დეპუტატის მანდატით. იგი არის პარლამენტის წევრი. მისთვის პარლამენტის წევრობის შეჩერების არანაირი საფუძველი არ არსებობს. გამოდის, მოსამართლის განჩინება იძლევა შესაძლებლობას, თუ პროკურორი უარს ეტყვის ნიკანორ მელიას საცხოვრებელი ადგილის დატოვებაზე პარლამენტში მისვლის დროს, წინააღმდეგობაში მოდის ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციასთან“, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, გარკვეული უზუსტობაა მოწმეებთან ურთიერთობის ნაწილშიც.

„ასევე მიგვაჩნია, რომ გარკვეული უზუსტობაა მოწმეებთან ურთიერთობის ნაწილში, სადაც მოსამართლე მიუთითებს, რომ შეზღუდული აქვს ნიკანორ მელიას ყოველგვარი კომუნიკაცია საქმეში გამოკითხულებთან და მოწმეებთან, ასევე პირებთან, ვინც სამომავლოდ შეიძლება, შეიძინონ მოწმის სტატუსი. ეს საკმაოდ ბუნდოვანია, ვინაიდან ათი ათასობით ადამიანი შეიძლება, გახდეს გამოძიების ინტერესი. ჩვენ წინასწარ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, ვინ შეიძლება, იყოს და ვინ არ შეიძლება, იყოს მოწმე ან გამოსაკითხი პირი. მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვის ღონისძიება ამ ნაწილშიც არის გასაუქმებელი.

ჩვენ გავასაჩივრებთ შეზღუდვის ნაწილში საცხოვრებელი სახლის დატოვებას, ოღონდ მოვითხოვთ, რომ ეს შეზღუდვა არ შეეხოს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლით გარანტირებულ უფლებებს, სადაც წერია, რომ პარლამენტის წევრი უნდა იყოს გარანტირებულად უზრუნველყოფილი, სრულფასოვნად განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები“, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდებულს დაეკისრა დამატებითი ვალდებულებები, კერძოდ, ნიკანორ მელიას აეკრძალა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე, დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარეც აპირებს. პროკურატურა მელიასთვის აღვეთის ღონისძების სახით გირაოს გამოყენებას გაასაჩივრებს.