პროკურატურა საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ გიორგი მაღრაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ გიორგი მაღრაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროცესი ამ წუთებში იწყება.
ბრალდებულ გიორგი მაღრაძეს ადვოკატი არ ჰყავს.
რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, ბრალდების მხარე მაღრაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
„ბრალდების მხარე ისევე, როგორც წინა სხდომაზე, მივმართეთ შუამდგომლობით პატიმრობის გამოყენებაზე, რომ იყოს გამოყენებული ერთადერთი ღონისძიება, პატიმრობა. მას ბრალი აქვს წაყენებული ორგანიზებული ძალადობის ბრალდებით. ბრალდებულის მხრიდან ძალადობრივი ქმედება განხორციელდა პირველი არხის ოპერატორის მიმართ“, – განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, პროკურატურა ინტენსიურად ატარებს საგამოძიებო მოქმედებას და ყველა შესაძლო პირის მიმართ დადგება სამართლებრივი შედეგი.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი. პროკურატურამ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის ფაქტზე გიორგი მაღრაძეს ბრალდება დღეს წარუდგინა.