პროკურატურა - გამოძიების დაწყების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას დღეს მიმართეს
გუშინ დაწყებული გამოძიების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ლევან ბეჟაშვილმა და თინათინ ბოკუჩავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერზე გამოძიების დაწყებისა და გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას დღეს მიმართეს, – ამის შესახებ გენერალური პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიება მიმდინარეობს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით.
„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხულია ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია და ჩანაწერზე დანიშნულია ექსპერტიზა. „როგორც საზოგადოებისთის ცნობილია, სამეგრელო ზემო – სვანეთის საოლქო პროკურატურაში 14 მაისს დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის ეთერში ფარული ჩანაწერის გასვლის შემდეგ, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე. ამ დროისთვის გამოკითხულია ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია, რომელიც სავარაუდოდ ფიგურირებს აღნიშნულ ფარულ ჩანაწერში, ხოლო ჩანაწერი გადაგზავნილია ექსპერტიზაზე. ამასთან, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებას“,- აცხადებენ პროკურატურაში.
გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ენმ-ს ლიდერებმა ლევან ბეჟაშვილმა და თინათინ ბოკუჩავამ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში განცხადება დღეს შეიტანეს. „ნაციონალური მოძრაობა“ პროკურატურას სთხოვს, შეიტანოს ზუგდიდის საკრებულოში განცხადება, რათა „ქართული ოცნების“ წევრ და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატ გია დანელიას დროებით უფლებამოსილება შეუჩერდეს.
გუშინ გავრცელდა ფარული ჩანაწერი, რომელშიც, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია მეორე პირს უხსნის, წინასაარჩევნოდ რა დავალებები მიიღეს „ზევიდან“. მათივე ინფორმაციით, „ჩანაწერში დანელია ჰყვება, როგორ დაიბარეს სხვა ადგილობრივ ლიდერებთან ერთად და მისცეს დავალებები, მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად, ვისაც ვერ მოისყიდიან, დააშინონ, ვისაც ვერ დააშინებენ, გაიტაცონ და 19 მაისს საარჩევნო ყუთთან მისვლის საშუალება არ მისცენ“.
პროკურატურამ ზუგდიდის საკრებულოს წევრის, გია დანელიას სავარაუდო ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.
გია დანელია გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს გაუგებრობასა და მონტაჟს უწოდებს. „ეს არის მიზანმიმართულად განხორციელებული დისკრედიტაცია ჩემ მიმართ. ეჭვქვეშ ვაყენებ გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობას. ესაა გაუგებრობა და მონტაჟი“, – განაცხადა გია დანელიამ.