პროკურატურა - გამოძიებამ სოსო ოსორაულის ოჯახს საქმის მასალები არაერთხელ გააცნო
გამოძიებამ არაერთხელ შესთავაზა და გააცნო საქმის მასალები იოსებ ოსორაულის როგორც ოჯახის წევრებს, ასევე მისი ძმის – გია ოსორაულის ინტერესების დამცველ ადვოკატს, – ამის შესახებ პირველ არხს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.
პროკურატურის ცნობით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, კერძო კონტრაქტით სამუშაოდ მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავის, საქართველოს მოქალაქე იოსებ (სოსო) ოსორაულის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება დაიწყო 2017 წლის 25 ოქტომბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავი იოსებ ოსორაული კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 2015 წლის 28 მარტს გაემგზავრა.
ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის 27 იანვარს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის დროს ჩამოვარდნილი ორი საბრძოლო თვითმფრინავიდან ერთ-ერთს მართავდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავი იოსებ ოსორაული, რომელიც ამ სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში კერძო კონტრაქტით მსახურობდა.
იოსებ ოსარაულის ოჯახის წევრებისთვის ცნობილია, რომ 2018 წლის იანვარში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობის საფუძველზე თხოვნით მიმართა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს მათ ტერიტორიაზე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მოპოვების და საპროცესო, საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების თაობაზე. კერძოდ: თუ რა ინფორმაციას ფლობენ 2017 წლის იანვარის თვეში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდგომ ე.წ. „23 მარტის მოძრაობის“ ამბოხებულ მებრძოლთა მიერ იოსებ ოსორაულის მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით, რა ინფორმაციას ფლობენ 2017 წლის მაისის თვეში, საბინიოს და კარასიმბის ვულკანების მიმდებარე ტერიტორიაზე (კდრ-უგანდა-რუანდის საზღვრის გასწვრივ), კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებსა და ე.წ. „23 მარტის მოძრაობის“ ამბოხებულ მებრძოლთა შორის მომხდარი შეტაკებისას იოსებ ოსორაულის სავარაუდო გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. რა ინფორმაციას ფლობენ იოსებ ოსორაულის დღევანდელი ადგილსამყოფელისა და მისი მდგომარეობის შესახებ. ასევე, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს ეთხოვათ, გამოეკითხათ ყველა ის პირი, ვინც ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციას იოსებ ოსორაულის შესახებ დასახელებულ ფაქტებთან დაკავშირებით და გადმოეგზავნათ შესაბამისი გამოკითხვის ოქმები. ასევე, მოეწოდებინათ ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია იოსებ ოსორაულთან.
გამოძიებამ, არაერთხელ შესთავაზა და გააცნო საქმის მასალები იოსებ ოსორაულის როგორც ოჯახის წევრებს, ასევე მისი ძმის – გია ოსორაულის ინტერესების დამცველ ადვოკატს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, იმ დანაშაულის საქმეში, რომელსაც დაზარალებულის სიკვდილი მოჰყვა, დაზარალებულის უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება მის რომელიმე ახლო ნათესავს („დაზარალებულის უფლებამონაცვლე“). ვინაიდან გამოძიებას საქმეში არ მოეპოვება უტყუარი მტკიცებულება ი. ოსორაულის გარდაცვალების შესახებ, ამ ეტაპზე მისი ოჯახის წევრებს, უარი ეთქვათ შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.