პროგრამის „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“ ფარგლებში 50-მდე სესხი გაიცა
სახელმწიფო პროგრამის „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“ ფარგლებში, დღეის მდგომარეობით უკვე 47 იპოთეკური სესხი გაიცა, ხოლო 17 განხილვის პროცესშია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განუცხადეს.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა – „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“ პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა.
როგორც აღინიშნა, პროგრამა მიზნად ისახავს, უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირებას, ასევე, მრავალშვილიანი ოჯახების ან ისეთი ოჯახების მხარდაჭერას, რომლებსაც ახალშეძენილი შვილები ჰყავთ. პროგრამა ითვალისწინებს სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის განმავლობაში.
ოფიციალური ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სუბიექტს, რომელსაც: ჰყავს 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ დაბადებული წლამდე ასაკის შვილი; სესხის აღების მომენტში ჰყავს სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი; სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.
პროგრამის ფარგლებში იპოთეკური კრედიტების გაცემა მოხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, მას გასცემს კომერციული ბანკი, პირველადი და მეორადი ბინის/სახლის შესაძენად ან კერძო სახლის ასაშენებლად. იპოთეკური სესხი უნდა გაიცეს 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ. სესხის მაქსიმალური მოცულობა იქნება 200 000 ლარი. თუმცა, დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს.
პროგრამა ატარებს ერთჯერად ხასიათს და მასში მონაწილეობა ბენეფიციარს შეუძლია მხოლოდ ერთხელ, მის მიერ აღებული სესხის მოცულობის მიუხედავად.