ლევან დავითაშვილი - მექანიზაციის თანადაფინანსება არის ის, რაც სოფლად მცხოვრებ და სოფლის მეურნეობით დაკავებულ მოსახლეობას ძალიან სჭირდება
ლევან დავითაშვილი - მექანიზაციის თანადაფინანსება არის ის, რაც სოფლად მცხოვრებ და სოფლის მეურნეობით დაკავებულ მოსახლეობას ძალიან სჭირდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, მექანიზაციის თანადაფინანსება არის ის, რაც სოფლად მცხოვრებ და სოფლის მეურნეობით დაკავებულ მოსახლეობას ძალიან სჭირდება.

„ეს არის ის ძირითადი სურვილი და სათხოვარი, რაც ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდა. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, პროგრამა, რომელიც გვქონდა წინა წლებში, მაგრამ შეზღუდული ბიუჯეტით, მასშტაბურად დავაფინანსოთ მიმდინარე წელს. სექტემბრიდან შეგვიძლია, მივიღოთ განაცხადები ამ პროგრამაში მონაწილეებისა. ჩვენ გვექნება საგრანტო თანადაფინანსება, შესაბამისად, ტექნიკის ღირებულების ნაწილი სახელმწიფოს მხრიდან გრანტის სახით დაფინანსდება, დანარჩენი ნაწილი, შეიძლება იყოს შეღავათიანი საკრედიტო ან სალიზინგო რესურსით დაფინანსებული, შესაბამისად, ვფიქრობ, ჩვენს მოსახლეობას მნიშვნელოვან შეღავათს მივცემთ. ჩვენ გვექნება როგორც 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე მექანიზაციის დაფინანსების შესაძლებლობა, ისე 20 000-100 000 ლარამდე ღირებულების და 100 ათას ლარზე მეტის ღირებულების მსხვილი ტექნიკის შემთხვევაში“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის დაწყების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.