პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც, ხეხილის ბაღების კომპონენტის ფარგლებში, თანადაფინანსებისა და ფართობის მოცულობა, ასევე სარწყავი სისტემების მოწყობის კრიტერიუმები განისაზღვრა.
ცვლილებების თანახმად: ბაღების კომპონენტში ნაცვლად სულ მცირე გასაშენებელი ერთი ჰექტარი ფართობისა განისაზღვრა 0.5 ჰექტარი. ერთ ბენეფიციარზე მაქსიმალური თანადაფინანსების ოდენობა ნაცვლად 100 000 ლარისა, არაუმეტეს 250 000 ლარი იქნება.
გარდა ამისა, ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისთვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების სახით, როგორც მრავალწლიანი კულტურების ნერგების შეძენის ასევე, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობისა და ბენეფიციარის სურვილის შემთხვევაში, შუა და საყრდენი ბოძების შეძენის ან/და სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობის მიზნით;
დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების არაუმეტეს 70 პროცენტს შეადგენს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში, არაუმეტეს 80 პროცენტს.
პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუფინანსდებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა მისი ღირებულების არაუმეტეს 50 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 250 ლარისა 0,5 ჰექტარზე, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 60 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1 500 ლარისა 0,5 ჰექტარზე.
ბაღების კომპონენტის ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუფინანსდებათ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 50 პროცენტი, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 60 პროცენტი.
ამასთან, როგორც პროექტების მართვის სააგენტო განმარტავს, ცვლილებების თანახმად, პროგრამის მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, მრავალწლიანი ბაღის გაშენების შემდეგ, დაუფინანსდებათ შესაძენი საწამლი აპარატების ღირებულება წარდგენილი ინვოისის ან/და შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე, არაუმეტეს 5 000 ლარისა.
სანერგე კომპონენტის ნაწილში, ნაცვლად 50 პროცენტიანი თანდაფინანსებისა, დაფინანსება პროექტის ჯამური ღირებულების 70 პროცენტი იქნება, არაუმეტეს 500 000 ლარამდე.
გარდა ამისა, პროგრამაში ცვლილებები შევიდა კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტში, რომელიც ითვალისწინებდა ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების დაფინანსებას კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში. ცვლილებების თანახმად, კენკროვანი კულტურების თანადაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, კენკროვანი კულტურების გაშენება შესაძლებელია დაფინანსდეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში, გარდა: თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმის და ფოთისა.
ასევე, ბაღების კომპონენტის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა ვენახის გაშენება, რქაწითელის გარდა, ასევე კახეთში საფერავის გარდა.
პროექტს „დანერგე მომავალი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2015 წლის მარტიდან ახორციელებს. პროექტის მიზანია, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება.