პროგრამას „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ წიაღის კომპონენტი დაემატა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფართოვდება და მის ფარგლებში ახალი კომპონენტი იწყება – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების აუქციონი.
პროექტის პრეზენტაცია მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბაზალტის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გახსნა.
პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ გაფართოების საკითხი საქართველოს მთავრობის 6 თებერვლის სხდომაზე განიხილეს. ინიციატივა გულისხმობს არამხოლოდ სახელმწიფო ქონების პრივატიზებას, არამედ პროექტის ფარგლებში წიაღისეულის ლიცენზიების აუქციონების გამოცხადებასაც.
„ეს არის იმ გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს მთავრობას სურს, წიაღისეულის არამხოლოდ მოპოვება, არამედ გადამუშავებაც ადგილზე ხდებოდეს და ძირითადი ღირებულებაც საქართველოში დარჩეს“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეირჩა და აუქციონისთვის მომზადდა წიაღით სარგებლობის 100 ობიექტი, რომელთა ჯამური საწყისი სააუქციონო ფასი 82 000 000 ლარს შეადგენს, ხოლო მოსალოდნელი ინვესტიცია 120 მილიონ ლარს აჭარბებს.
ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელებისას სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოპოვება-გადამუშავების პროცესში მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების გამოყენებას. აღნიშნული მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება სალიცენზიო პირობებად.
ამასთან, სამინისტრო ვარაუდობს, რომ აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაახლოებით 1800-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.