პროფკავშირი „ფრონტერას“ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენის მოთხოვნით, სასამართლოს მიმართავს
პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელის, ირაკლი პეტრიაშვილის ინფორმაციით, გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენის მოთხოვნით, სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს.
როგორც ირაკლი პეტრიაშვილმა თბილისში, „ფრონტერას“ ოფისთან აქციაზე განაცხადა, მას აქვს ინფორმაცია, რომ კომპანია „ფრონტერა“ დღეს კიდევ 15 თანამშრომელს გაათავისუფლებს სამსახურიდან.
გარდა ამისა, პროფესიული კავშირების გაერთიანება გათავისუფლებულ თანაშრომლებთან ერთად სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასაც ითხოვს. სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით, სარჩელი სასამართლოში უკვე შეტანილია.
„ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა და ის ხალხი, რომელზეც რაიმე გავლენა შეიძლება მოახდინოს ავტორიტეტული ქვეყნის ბიზნეს ორგანიზაციამ და კონგრესმენების წივილ-კივილმა. თურმე ხალხი 11 თვის ანაზღაურებას რომ მოითხოვს, ლოგიკური ყოფილა მათი გათავისუფლება სასამართლოს გზით. ჩვენ ჩვენსას აუცილებლად მივიღებთ, საქართველოს პროფკავშირებს გააჩნია ამის შესაძლებლობა. 84 თანამშრომელი გათავისუფლებულია და დღეს ემატება კიდევ 15 ადამიანი“, – განაცხადა პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ირაკლი პეტრიაშვილმა.
ნავთობკომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ ყოფილი თანამშრომლები სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ.