პროფკავშირების ინფორმაციით, საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გუშინ ორ მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა
საფრანგეთში საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგო აქციებში გუშინ 600 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მხოლოდ პარიზის ქუჩებში გამართულ აქციაში 76 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. პროფკავშირებში კი აცხადებენ, რომ აქციებში ორ მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა.
საფრანგეთის დედაქალაქში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. სამართალდამცავებმა ცრემლსადენი აირი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.
მიტინგების გამო, პარიზში სატრანსპორტო სისტემა პარალიზებული იყო. მეტროს არც ერთი ხაზი არ მუშაობდა. დედაქალაქში დახურეს სკოლები და მუზეუმები.
აქციის მონაწილეები საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულების ნაწილს პენსიაზე განსაზღვრულ ვადაზე ადრე გასვლის საშუალება აღარ ექნება. ამ ინიციატივას დასაქმებულების დიდი ნაწილი არ ეთანხმება.