პროფესორი სტივენ ჯონსი - მადლობელი ვართ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოგვცა საშუალება, შევქმნათ ქართველოლოგიის პროგრამა
ჩვენ მოვაწყობთ ძალიან ბევრს სემინარს, კონფერენციას, დავპატიჟებთ ქართველ მეცნიერებს, აქ, ჰარვარდის კამპუსში, – ამის შესახებ ქართველოლოგიური სწავლებების პროგრამის დირექტორმა, ისტორიის პროფესორმა სტივენ ჯონსმა ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ღონისძიების შემდეგ განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ეს არის პირველი ქართული სწავლების პროგრამა აშშ-ში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„გავაგზავნით ჩვენს სტუდენტებს საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ შევქმნათ ამერიკელი მეცნიერების კადრები, რომლებიც სწავლობენ ქართულ ისტორიას, პოლიტიკას, კულტურას და ა.შ. ამიტომ, ეს იქნება საერთო პროგრამა, არა მხოლოდ ამერიკის მხრიდან, ასევე საქართველოს მხრიდანაც. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო ასეთი ინიციატივა და მოგვცა საშუალება, შევქმნათ ეს პროგრამა. ჩვენ ამაზე დიდი ხანია, ვფიქრობთ, ვოცნებობთ, ვმუშაობთ, მაგრამ სანამ არ მივიღებდით ასეთ მხარდაჭერას, არაფერი გამოვიდოდა. ამისთვის ძალიან მადლობელი ვართ“, – განაცხადა სტივენ ჯონსმა.