პროფესორი რამაზ სურმანიძე - აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, აღმოჩენილი საერთო სამარხი 1937-1938 წლებში რეპრესირებულებს ეკუთვნით
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ხელვაჩაურში ნაპოვნი საერთო სამარხი ეკუთვნით 1937-1938 წლებში რეპრესირებულ პირებს, – ამის შესახებ ისტორიკოსმა, პროფესორმა რამაზ სურმანიძემ განაცხადა.
სურმანიძის თქმით, რამდენიმე წლის წინ მან უშუალოდ მოვლენების თვითმხილველებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ხელვაჩაურში, ამჟამინდელი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, ნამდვილად ხდებოდა დახვრეტილთა ტრანსპორტირება.
„რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ ამის კვლევა. უშუალოდ მძღოლისგან მაქვს მოსმენილი, რომ სატვირთო ავტომანქანით გადაჰყავდათ მასობრივად დახოცილები. იყო კიდევ ორი ადგილი სალიბაურსა და ადლიაში, სადაც საერთო სამარხებია. უშუალოდ მე დავუკავშირდი ეპარქიას, მეუფე დიმიტრის და ერთობლივად მოვიძიეთ ადგილი. დამატებითი კვლევები არ ჩატარებულა, მაგრამ საკმარისი ისტორიული წყაროები მოვიძიეთ, რომ დავრწმუნებულიყავით, რასთან გვქონდა საქმე“, – განაცხადა რამაზ სურმანიძემ.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინფორმაციით, ბათუმში, ხელვაჩაურის ყოფილ ტერიორიაზე 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს. ეპარქიის ცნობით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ იყო დამარხული. 21 აპრილს ეპარქია გარდაცვლილთა ნეშტების პატივით დამარხვას გეგმავს. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია 1937-1938 წლებში ბათუმში დახვრეტილ პირთა სიას აქვეყნებს, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.