პროფესიული მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამის მორიგი ეტაპი იწყება
პროფესიული მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამის მორიგი ეტაპი იწყება

სოციალური მომსახურების სააგენტო „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ მორიგ ეტაპს იწყებს.

პროფესიულ კურსებზე სწავლის მსურველებს სააგენტო ვაუჩერს გადასცემს, რომლის მაქსიმალური ღირებულება 1000 ლარს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კი 1500 ლარს შეადგენს. მოკლევადიანი კურსები ორიდან ოთხ თვემდე გრძელდება.

​სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მომზადება-გადამზადების პროგრამები შრომის ბაზრის თვისობრივი კვლევის საფუძველზე შემუშავდა, რომელმაც 41 მოთხოვნადი პროფესია გამოავლინა. მოთხოვნად პროფესიებს შორისაა: გიდი, კონდიტერი, სასტუმრო საქმის სპეციალისტი, შემდუღებელი, მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი, ბარმენი, ვებ-პროგრამისტი, ბაგა-ბაღის აღმზრდელი და სხვ.

მოკლევადიანი კურსების გავლა, საქართველოს მასშტაბით, 24, როგორც სახელმწიფო ისე კერძო, აკრედიტირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაშია შესაძლებელი.

პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების გავლის მსურველთა რეგისტრაცია 12 სექტემბრიდან დაიწყება და 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სასწავლო პროცესი კი, 25 სექტემბერს დაიწყება.

სამუშაოს მაძიებელმა, რეგისტრაციისთვის, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს უნდა მიმართოს. სწავლის დასაფინანსებლად სპეციალურ ვაუჩერებსაც სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები გასცემენ.

პროგრამის სამიზნე ჯგუფს 16 წლის ზემოთ, შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები წარმოადგენენ.