პროექტში - „იმუშავე საქართველოდან“ ჩართვის სურვილი 90 ქვეყნის 2000-ზე მეტმა მოქალაქემ გამოთქვა
პროექტში - „იმუშავე საქართველოდან“ ჩართვის სურვილი 90 ქვეყნის 2000-ზე მეტმა მოქალაქემ გამოთქვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტში – „იმუშავე საქართველოდან“ ჩართვის სურვილი, 2020 წლის 27 აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრის ჩათვლით, 90 ქვეყნის 2000-ზე მეტმა მოქალაქემ გამოთქვა.

„პროექტი, რომელიც პანდემიის პირობებში ტურიზმის სექტორის მხარდაჭერას ისახავს მიზნად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შეიმუშავა.

პროექტი ხელს უწყობს საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას, რომელთა საშუალო თვიური შემოსავალი 2 000 აშშ დოლარზე მეტია და ქვეყანაში მინიმუმ 6 თვე დარჩებიან. ქვეყანა იღებს გრძელვადიან საერთაშორისო ვიზიტორებს, რომლებიც საკუთარ დანაზოგებს ტურისტული, სამომხმარებლო სერვისისა და პროდუქციის მიღების მიზნით საქართველოში დახარჯავენ. პროექტის მონაწილეები ხშირად ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოდიან“, – აცხადბენ სამინისტროში.

სამინისტროს ცნობით, გაკეთებული განაცხადების საფუძველზე საქართველოში უკვე ჩამოვიდა 742 პირი. საპროგნოზო ინდიკატორების მიხედვით, ისინი საქართველოში 6 თვის განმავლობაში დაახლოებით 9 მილიონამდე აშშ დოლარს დახარჯავენ. პროექტში უკვე რეგისტრირებული 2 190 უცხოელის ჩამოსვლა კი, საშუალოდ, 6-თვიან პერიოდში 26 მილიონი აშშ დოლარის პოტენციურ დანახარჯს უდრის.

უცხოელებიდან, რომლებმაც შესაბამისი აპლიკაცია უკვე შეავსეს, – 58% თვითდასაქმებულია, 26% სრულ განაკვეთზე მუშაობს, ხოლო 16% კი მეწარმეა. „იმუშავე საქართველოდან“ პროექტით დაინტერესდნენ საერთაშორისო გამოცემები და სამოგზაურო მედიაპლატფორმები. პროექტის შესახებ სტატიები მოამზადეს New York Times-მა, Forbes-მა, Insider-მა, Big 7 Travel-მა და სხვა გამოცემებმა.