პროექტში ცვლილებების გამო, ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობის დასრულება გადავადდა
პროექტში შეტანილი ცვლილებების გამო, ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობის დასრულების ვადამ გადაიწია. თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი პროექტი ადგილზე ნაკლები ხე-მცენარის მოჭრას ითვალისწინებს.
„თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, პროექტმა განიცადა გარკვეული ცვლილებები, რათა კვანძის მშენებლობის შედეგად ნაკლები ზემოქმედება მოხდეს მწვანე საფარზე. თავდაპირველად უნდა მოჭრილიყო 47 დიდი და 198 მცირე დიამეტრის ხე-მცენარე, ხოლო გადაირგვებოდა 42 დიდი და 16 მცირე დიამეტრის მცენარე. ახალი პროექტის მიხედვით კი, მნიშვნელოვნად ნაკლები ხე-მცენარე მოიჭრება. ასევე, პროექტში შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს კერძო მესაკუთრეთაგან მიწის გამოსყიდვის საკომპენსაციო ხარჯების შემცირებას“, – აღნიშნავენ მერიაში.
მარშალ გელოვანისა და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაო 2018 წლის ზაფხულში დაიწყო და 180 დღის ვადაში უნდა დასრულებულიყო. მშენებლობას კომპანია „ენსისი“ ახორციელებს.