„პროექტის მართვის ინსტიტუტი - საქართველო“ - პროექტის მართვის მხოლოდ 60 პროფესიონალი მენეჯერია საქართველოში და ძირითადად, ყველა კერძო სექტორში საქმიანობს
საქართველოში სერტიფიცირებული პროექტის მართვის პროფესიონალი მენეჯერების რაოდენობა მხოლოდ 60-ს შეადგენს და ისინიც ძირითადად, კერძო სექტორში არიან დასაქმებული. აღნიშნული შესახებ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნორში“ სტუმრობის დროს „პროექტის მართვის ინსტიტუტი – საქართველოს“ წარმომადგენლებმა, თამარ მაჭავარიანმა და ლელა მაჩაიძემ ისაუბრეს.
გადაცემაში პროექტების მართვის კუთხით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს. „პროექტების მართვის ინსტიტუტმა“, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 700 ათას პროფესიონალს აერთიანებს, საქართველოში წარმომადგენლობა გახსნა, რომელიც ქვეყანაში პროექტების მართვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო გამოცდილების დანერგვას ისახავს მიზნად.
გადაცემის თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა აღნიშნა, რომ არსებული ტენდენციით საქართველოში როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციებში პროექტებს ძირითადად თვითნასწავლი ადამიანები მართავენ, რომელთაც საერთაშორისო სტანდარტები არ იციან. გარდა ამისა, არ არსებობს სტატისტიკა და მონიტორინგი, თუ როგორ იმართება სახელმწიფო პროექტები და რამდენად ეფექტიანად იხარჯება გადასახადების გადამხდელთა თანხები.
„პროექტის მართვის ინსტიტუტი – საქართველოს“ წარმომადგენელები მიიჩნევენ, რომ საქართველოში არსებობს მცდარი მიდგომა, თითქოს პროექტების მართვა ყველა ადამიანს შეუძლია და ამ მიდგომის შესაცვლელად საჭიროა სახელმწიფოს ნება, რადგან პროექტების სწორად მართვა საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე ახდენს გავლენას.
„ნებისმიერ საქმის შესწავლას სჭირდება წლების გარკვეული რაოდენობა, ცოდნა და გამოცდილება, რაც უმაღლეს სასწავლებელში ისწავლება. თუმცა არის ასეთი ტენდენცია და მიდგომა, რომ პროექტის მართვა შეუძლია ყველას, რაც ნამდვილად არ არის ასე. ყველა პროექტს სჭირდება ცოდნა, როგორ უნდა მისი მართვა პირველივე დღიდან. სწორად დაგეგმვა არის ერთ-ერთი პირობა, რომ მივიღოთ შედეგი, რისთვისაც პროექტი დაიწყო. ეს უნდა იცოდეს პროექტის მენეჯერმა. დღევანდელი მდგომარეობით, სულ პროექტის 60 პროფესიონალი მენეჯერია. თუმცა ეს 2013 წელთან შედარებით, კარგი ციფრია, როდესაც მხოლოდ პროექტის მართვის 27 მენეჯერი გვყავდა და აქედან 17-მდე იყო საქართველოს მოქალაქე“, – განაცხადა ლელა მაჩაიძემ.
თამარ მაჭავარიანის ინფორმაციით, პროფესიონალი მენეჯერები ძირითადად, კერძო სექტორში არიან დასაქმებული, რადგან სახელმწიფო-საჯარო სექტორს ნაკლებ სტაბილურად მიიჩნევენ.
„პროექტის მენეჯერები ძირითადად დასაქმებული ვართ კერძო სექტორში. ამას თავისი მიზეზები აქვს. ჩვენ, ისევე როგორც სხვა ადამიანები სახელმწიფო სამსახურს სტაბილურად ვერ განვიხილავთ და თუ რომელიმე ჩვენგანი სამსახურის შეცვლას გადაწყვეტს, კერძო სექტორს ვამჯობინებთ. ნებისმიერი პროფესიონალისთვის, მათ შორის პროექტის მენეჯერისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სამუშაოს სტაბილურობას, ასევე როგორ შეძლებს გადაწყვეტილების მიღებას, საკუთარი პროფესიონალიზმისა და პრაქტიკის დამკვიდრებას“, – განაცხადა თამარ მაჭავარიანმა.
„პროექტის მართვის ინსტიტუტი – საქართველოს“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თუ სახელმწიფოს სურს, საჯარო პროექტების მართვა პროფესიონალებს ჩააბაროს, უნდა გამოიჩინოს ნება და დაამკვიდროს საერთაშორისო სტანდარტები და პრაქტიკა. მაგალითად აშშ-ში 2016 წელს ამოქმედებული „პროექტების მართვისა და ანგარიშგების“ აქტი სახელმწიფო სტრუქტურებში პროექტების მართვის სპეციალისტების პოზიციის დამკვიდრებასა და წახალისებას ითვალისწინებს.
„სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს შესაბამისი ნება და თქვას, რომ როცა ვხარჯავთ უზარმაზარ თანხებს, რომელიც გადასახადის გადამხდელის ანუ ჩვენს მიერ გადახდილი თანხებია, ასეთი პროექტები უნდა იმართებოდეს საერთაშორისო სტანდარტების თანახმად. საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი იქნებოდა აშშ-ში მოქმედი პრაქტიკის დანერგვა“, – განმარტა თამარ მაჭავარიანმა.