ბექა ლილუაშვილი - საერთაშორისო ინვესტორებს დაახლოებით 600 მილიონი ლარის საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები აქვთ შესყიდული
ბექა ლილუაშვილი - საერთაშორისო ინვესტორებს დაახლოებით 600 მილიონი ლარის საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები აქვთ შესყიდული

საერთაშორისო ინვესტორებს დაახლოებით 600 მილიონი ლარის ღირებულების საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები აქვთ შესყიდული, რაც ქვეყნის საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებას უკავშირდება. ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ბექა ლილუაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნორში“ განაცხადა.

გადაცემაში საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და მთავრობის სამოქმედო გეგმა განიხილეს. დისკუსიის დროს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში აღნიშნა, რომ მთავრობა კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე და პორტფელური ინვესტორების მოზიდვაზე აკეთებს აქცენტს, რათა საბანკო პროდუქტების პარალელურად ქვეყანაში ფინანსებზე წვდომის ალტერნატიული მექანიზმი განვითარდეს.

„ძალიან რთულია პროგნოზი, რა იქნება მომდევნო წლების განმავლობაში, მაგალითად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თუ პორტფელური ინვესტიციები. მე შემიძლია, მინიშნება მოგცეთ, რას ვაკეთებეთ, რომ ეს მაჩვენებელი გაიზარდოს. მაგალითად, იგივე პროტფელური ინვესტიციების კუთხით, დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და კომერციული სექტორის წარმომადგენლებს დაახლოებით 600 მილიონი ლარის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები აქვთ შესყიდული. ინტერესი ფაქტობრივად ყველა აუქციონზეა. ფინანსთა სამინისტროს მიერ ბოლო დროს ჩატარებულ ყველა აუქციონზე ნახავთ უცხოელ ინვესტორს, რომელიც ამ ფასიანი ქაღალდს ყიდულობს. ეს [საქართველოს] სუვერენული საერთაშორისო რეიტინგების გაუმჯობესებას ეხმიანება. მოგეხსენებათ, რომ ამ ნაწილში ე.წ. ბი-ბი მინუსზე [BB-]გადავედით და ჩვენი მიზანია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საინვესტიციო რეიტინგი ავიღოთ. გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია უშუალოდ პორტფელურ ინვესტორებთან. მაგალითად, ახლახან ლონდონში გვქონდა ვიზიტი, სადაც ინვესტორთა საზოგადოებას შევხვდით და მათ ჩვენი ბაზარი შევთავაზეთ საინვესტიციო მიმართულებით. მათ უკვე დიდი დაინტერესება გამოხატეს და მაგალითად, მომდევნო კვირის აუქციონს ელოდებიან“, – განუცხადა ბექა ლილუაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.