პრინცმა ფილიპმა ავტოკატასტროფის შემდეგ მართვის მოწმობის ჩაბარება გადაწყვიტა
გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელიზაბეტ მეორის მეუღლემ, პრინცმა ფილიპმა ავტოკატასტროფის შემდეგ მართვის მოწმობის ჩაბარება გადაწყვიტა. ამის შესახებ ბუკინგემის სასახლე იუწყება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს დედოფლის მეუღლემ მართვის მოწმობის ჩაბარება ნებაყოფლობით გადაწყვიტა.
ელიზაბეტ მეორის მეუღლე, 97 წლის წლის პრინცი ფილიპი ავარიაში 18 იანვარს მოჰყვა. ედინბურგის ჰერცოგი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა, თუმცა მსუბუქად დაშავდა იმ ავტომობილში მყოფი ორი პირი, რომელსაც ჰერცოგი დაეჯახა.
ავარიიდან რამდენიმე დღის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი კვლავ ავტომობილის მართვის პროცესში დააფიქსირეს, რამაც საზოგადოების უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია.
დიდ ბრიტანეთში ავტომობილის მართვასთან დაკავშირებით ასაკობრივი კონტროლი არ მოქმედებს. თუმცა 70 წელს გადაცილებულ მძღოლებს მართვის მოწმობის შესანარჩუნებლად გამოცდის თავიდან ჩაბარება უწევთ. 70 წლის შემდეგ მსგავსი ტიპის ტესტირების გავლა ყოველ სამ წელიწადში სავალდებულო ხდება.