პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა სამხედროებს თავდაცვის ძალების დღე მართვის ცენტრიდან დისტანციურად მიულოცეს
პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა სამხედროებს თავდაცვის ძალების დღე მართვის ცენტრიდან დისტანციურად მიულოცეს

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. სამხედრო მოსამსახურეებს 29 წლის იუბილე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სამხედრო მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მასშტაბით და საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედროებს სამსახურეობრივი მოვალეობის პროფესიონალურად შესრულებისა და ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. „მან ხაზგასმით აღნიშნა ძლიერი ჯარის როლი, როგორც ხილულ, ასევე უხილავ მტერთან ბრძოლაში. მინისტრმა მიმართვისას ვეტერანების ღვაწლიც აღნიშნა და დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე ქედი მოიხარა“, – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

ქართული ჯარის დაარსებიდან 29 წელი გავიდა. 1990 წლის დეკემბერში უზენაესი საბჭოს დადგენილებით ეროვნული გვარდია შეიქმნა. 1991 წლის 24 აპრილის განკარგულებით კი წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ბრძანება გამოიცა და 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო. სწორედ აქედან იწყება თანამედროვე ქართული ჯარის დაარსების ისტორია.