პრეზიდენტმა ირაკლი მენაღარიშვილი და თედო ჯაფარიძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ქართველი დიპლომატები ირაკლი მენაღარიშვილი და თედო ჯაფარიძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და ქართული დიპლომატიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი მენაღარიშვილი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თედო ჯაფარიძე.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, გრძელდება საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით ზეიმი და იმ სიამაყის, მიღწევების და გამარჯვების აღნიშვნას, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია.
„ჩვენ აღვნიშნავთ ორი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწის ღვაწლს. ადამიანებისა, რომელთა მუშაობაც და მოღვაწეობაც დაკავშირებულია უმნიშვნელოვანეს ეპოქასთან, არამარტო საქართველოს ისტორიაში, არამედ გლობალურად, მსოფლიო ისტორიის კონტექსტში. ბოლო 30 წელიწადი, გლობალურად, პოლიტიკური პროცესისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო – დამთავრდა ცივი ომი, დაინგრა ბიპოლარული სამყარო, დაიშალა საბჭოთა კავშირი და აი ამ დრამატულ, ისტორიულ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სამშობლოს იდენტობის გამოვლენა, სამშობლოს მიზნების დასახვა და ჩვენი ერისთვის სწორი ორიენტირების განსაზღვრა. იმ მომენტში, უაღრესად სწორედ განისაზღვრა ჩვენი ქვეყნის როლი და ფუნქცია, როგორც გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ასევე იმ საერთაშორისო გზავნილში, რომელსაც საქართველო თავის თავს, რეგიონსა და მსოფლიოს უგზავნიდა. ჩვენ ჩამოვყალიბდით როგორც ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემქნელი სივრცე და მაშინ მცირე პროექტებიდან იწყებოდა ეს ყველაფერი. პროექტებიდან, რომლებიც უკვე მომავალ წელს იქნება ევროპის სამხრეთის ენერგოუსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი.
ძალიან ბევრი მიმართულებით გაიშალა ეს პროექტები, იგივე ბაქო -თბილისი- ყარსის რკინიგზა, იგივე სხვა პროექტები კასპიიდან, რომელიც უერთდება ჩვენს ენერგოდერეფანს. ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანაა. ბატონო თედო, ბატონო ირაკლი , თქვენმა მოღვაწეობამ დიპლომატიის სიბრტყეში ძალიან მნიშვნელოვნად განაპირობა ამ ხედვების შემდგარობა და ამ ხედევების გატანა. თქვენ მანამდეც ისეთი შთამბეჭდავი ბიოგრაფია გაქვთ. მინდა, ჩემი და ჩვენი სახელმწიფოს სახელით მადლობა გითხრათ მოღვაწეობისთვის და შესაბამისად, გამოვყო თქვენი ღვაწლი წარმატებული საქმიანობის თვალსაზრისით“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და ქართველი დიპლომატების ოჯახის წევრები.