პრეზიდენტის სასახლეში მიღება და გამოფენა „ხმა ქართველი ქალისა“ გაიმართა
პრეზიდენტის სასახლეში მიღება და გამოფენა „ხმა ქართველი ქალისა“ გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა ქალთა მიმართა ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია შეაჯამა, სიტყვით მიმართა სასახლეში მოწვეულ სტუმრებს და ღირსების ორდენები იმ პოლიციის თანამშრომლებს გადასცა, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. ესენი არიან:

მაია ფელიშვილი – ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ – გამომძიებელი, ვლადიმერ ადამია – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის მაიორი, ნინო დუმბაძე – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი, კახა ტაბატაძე – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, პაატა მოსულიშვილი – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი.

“კამპანია სამწუხაროდ, დაფუძნებულია იმ რეალურ პრობლემებზე, ტრაგედიებზე, რომელიც ჩვენს ირგვლივ საზოგადოებაში სამწუხაროდ ყოველდღიურია. ქალთა წინააღმდეგ ძალადობის პრობლემები არის ის ფონი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ეს არის არამხოლოდ ისეთი კატასტროფა, როგორიც არის ფემიციდი, ეს არის სელექციური აბორტი, ადრეული ქორწინება, სწავლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, თუ ოჯახში ძალადობა. ამ რეალობაში, ამ პრობლემის წინაშე თითოეული ჩვენთაგანის ხმის ამაღლება ნათლად იმის თქმაა, რომ ეს ჩვენთვის მიუღებელია, ის რაც შეცვლის ხვალინდელ დღეს და ყოფას, ჩვენი დედების, ცოლების, დების და იმ საზოგადოებისა, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები იყვენენ. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ენახათ სასახლის ფოეში მოწყობილი გამოფენა ,,ხმა ქართველი ქალისა“, რომელიც კატო მიქელაძის რედაქტორობით გამოცემული გაზეთის “ხმა ქართველი ქალისა” 100 წლის იუბილეს ეძღვნება.