პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, სოფელ ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა.
მუზეუმის გახსნას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ესწრებოდა. მუზეუმი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, პროექტის „ოკუპაციის მუზეუმები გურიასა და სამეგრელოში” ფარგლებში, შეიქმნა.
პროექტს, რომელსაც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ფონდი ახორციელებს, სამეგრელოსა და გურიის რეგიონში ოკუპაციის მუზეუმების გახსნას ითვალისწინებს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. მუზეუმებში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა განთავსდა.
გიორგი აბაშიშვილმა ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ, ასევე საქართველოს რამდენიმე რეგიონში ოკუპაციის მუზეუმების გახსნას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.
მუზეუმის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღინიშნა, რომ ტერიტორია გამოყენებული იქნება საგანმანათლებლო პროექტებისთვის, გაიმართება მოსწავლეთა შეხვედრები და საჯარო ლექციები.
მუზეუმი სოფლის ბიბლიოთეკის ორ ოთახში განთავსდა.