საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატი ელენე ხოშტარია მოინახულა და პრეზიდენტის თხოვნით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.
გიორგი მსხილაძის თქმით, ელენე ხოშტარია თავს მხნედ გრძნობს და პროტესტის გამოხატვას აგრძელებს.
„პრეზიდენტი იმყოფება სამუშაო ვიზიტით კვიპროსის რესპუბლიკაში. ის დაინტერესდა ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობით და მე, როგორც საპარლამენტო მდივანს, მთხოვა, მომეკითხა და გამეგო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ქალბატონი ელენე თავს ჯერჯერობით მხნედ გრძნობს. აგრძელებს თავისი პროტესტის გამოხატვას, ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, როგორც თვითონ მითხრა“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
კითხვაზე, როგორია პრეზიდენტის პოზიცია ელენე ხოშტარიას შიმშილობაზე, გიორგი მსხილაძე პასუხობს: „გარდა იმისა, რომ პრეზიდენტის თხოვნა შემესრულებინა და გამეგო ქალბატონი ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, მის სხვა პოზიციაზე პასუხს ვერ გაგცემთ“.
რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ კადრებს, გიორგი მსხილაძე აღნიშნავს, რომ კადრები არ უნახავს და არც იმის შესახებ აქვს ინფორმაცია, კადრები ნახა თუ არა პრეზიდენტმა.
„ვერ გეტყვით, არ ვიცი. პრეზიდენტთან კომუნიკაცია მქონდა მხოლოდ ქალბატონი ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებთ“, – დასძინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.