საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, პოლიტიკური დებატები გაიმართება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენა რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურით გაიმართება.
„პრეზიდენტის ანგარიშის და მოხსენების წარდგენა პარლამენტში უკვე შეთანხმებულია. ის კანონმდებლობით და რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურით ჩატარდება. მათ შორის, პოლიტიკური დებატი იქნება და ამ მოხსენებას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრებიან“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
კითხვაზე, იმსჯელებენ თუ არა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა დღევანდელ შეხვედრაზე მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატზე, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ დღეს ამ საკითხზე მსჯელობა სავარაუდოდ არ იქნება.
რაც შეეხება დეპუტატების ქცევის კოდექსს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ამ დოკუმენტს დღევანდელ შეხვედრასთან კავშირი არ აქვს.
„ქცევის კოდექსზე სამუშაო პროცესი 2017 წელს იყო ინიცირებული. ეს პარლამენტის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხია და დღევანდელ შეხვედრასთან კავშირი არ აქვს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წლიური ანგარიშით საკანონმდებლო ორგანოში 2 მაისს წარდგება.