პრეზიდენტის ინიციატივით, დათა ვანიშვილი, გარდაცვალების შემდეგ „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება
დათა ვანიშვილის დაჯილდოების საკითხი მისი გარდაცვალებისთანავე იქნა განხილული, პრეზიდენტის ინიციატივით, ვანიშვილი „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ორბელიანების სასახლის კომუნიკაციის პრესსამსახური მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის ვიდეომიმართვაზე პასუხად ავრცელებს, სადაც დოლიძემ პრეზიდენტს დათა ვანიშვილისთვის „სამოქალაქო თავდადებისთვის“ ორდენის მინიჭებისკენ მოუწოდა.
„დათა ვანიშვილის დაჯილდოების საკითხი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისი გარდაცვალებისთანავე იქნა განხილული. პრეზიდენტის ინიციატივის თანახმად, დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება. დაჯილდოების ცერემონია 9 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართება“,- აღნიშნულია ორბელიანების სასახლის კომუნიკაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
დათა ვანიშვილი 88 წლის ასაკში 19 მარტს გარდაიცვალა. ვანიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფლის სასაფლაოზე 22 მარტს დაკრძალეს.
დათა ვანიშვილის საცხოვრებელ სახლთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მავთულხლართები 2011 წელს აღმართეს, რის გამოც, მისი სახლი საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა. მეუღლესთან ერთად, მან სახლი არ დატოვა. ასევე, უარი თქვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის მიღებაზე.