შეწყალების წესში ცვლილებები შედის და იგი უფრო ჰუმანური ხდება იმ დანაშაულებთან მიმართებაში, რომელიც არაძალადობრივი დანაშაულია, რომელიც არ არის ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, – ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ზვიად ქორიძემ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების კომისიას მისცა საშუალება, რომ ვადის კრიტერიუმების გარეშე განიხილოს, იმ მსჯავრდებულთა თხოვნა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულები, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისა, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვის, შემოტანისა და ტრანზიტისა.
“შეწყალების კომისიამ ასევე არსებითად შეიძლება განიხილოს იმ პირთა შეწყალების თხოვნა, რომელთაც არიან გასამართლებული სისხლის სამართლის კოდექსი 381-ე მუხლით, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფა და ეს სასჯელი დაეკისრათ იმის გამო, რომ განაჩენით ჰქონდათ დაკისრებული შეზღუდვა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ სპეციალური კანონის მიხედვით და ეს შეზღუდვები დაარღვიეს. ამის შემდგომ მათზე უკვე ამოქმედდა 381-ე მუხლი და ამის გამო იხდიან სასჯელს. ასეთივე წესით, კომისიამ უნდა განიხილოს იმ პირის თხოვნა შეწყალების თაობაზე, რომელმაც პირველად ჩაიდინა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ ეკონომიკური ფინანსური და სამოხელეო ხასიათის დანაშაულები და ეს დანაშაულები მას არ ჩაუდენია ძალადობით, ან ძალადობის მუქარით”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.
მისივე თქმით, დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ პრეზიდენტს როგორც კი დასრულდება საქმის განხილვა სამივე სასამართლო ინსტანციაში, ან გავა ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადა, ხოლო კომისია მათ საქმეებს განიხილავს არსებითად.
“დაინტერესებულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რას ნიშნავს არსებითად საქმის განხილვა და როგორ დგება ის კრიტერიუმები, რომელიც აქამდე იყო განსაზღვრული, ეს კრიტერიუმები ისევ მოქმედებს და აღარ გავრცელდება იმ დანაშაულების ტიპებზე, რომელიც ჩამოვთვალე. თუ მსჯავრდებულს აქვს ერთი მუხლი წაყენებული და სასჯელი ხუთ წელს არ აღემატება, მაშინ უნდა იყოს გასული ერთი მესამედი სასჯელის მოხდიდან, რომ კომისიამ არსებითად განიხილოს მათი საქმე. ვისაც აქვს ორზე მეტი მუხლი და აქვს სასჯელი ხუთ წელზე მეტი, მაშინ მან ნახევარი მაინც უნდა მოიხადოს, რომ კომისიამ არსებითად იმსჯელოს, ხოლო თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი პირობითი მსჯავრის დროს, ან წინა სასჯელისგან არის გათავისუფლებული, ამნისტიის საფუძველზე, ან ვადამდე პირობით გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით და ნასამართლევობა არ აქვთ გაუქმებული, მაშინ მათ უნდა ჰქონდეთ ორი მესამედი მოხდილი. ეს წესი ძალაში რჩება იმ დანაშაულებზე, რომლებიც არის სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.