პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ანგი ხუციშვილის გამოკითხვა დასრულდა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილის გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში დასრულდა.
ანგი ხუციშვილს გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
პროკურატურის ინფორმაციით, ანგი ხუციშვილი მარიამობის დღესასწაულზე განხორციელებული შეწყალების საქმის გამოძიების ფარგლებში იყო დაბარებული საგამოძიებო უწყებაში.
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა – თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.
20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ამავე თემაზე, გუშინ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია გამოიკითხა.