სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, საქართველოში ჩატარდეს ქალთა კონფერენცია, რომელიც რეგიონში კონფლიქტებისა და მშვიდობიანი გადაჭრის გზებზე იმსჯელებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ენ ლინდეს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინიტსრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, შვედეთის ეუთო-ს თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველომ ქალი ლიდერების მონაწილეობით უმასპინძლოს საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც რეგიონში არსებულ ყველა კონფლიქტზე და მათი მშვიდობიანი გადაჭრის გზებზე იმსჯელებს.
„ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე მიესალმა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას და ამ ინიციატივის განხორციელებაში აქტიური ჩართულობის მზაობა გამოხატა.მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რეგიონში არსებული მდგომარეობა, რეგიონში ევროკავშირისა და ეუთოს როლის გაძლიერების მნიშვნელობა და საქართველოს საარჩევნო სისტემა.
ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში საოკუპაციო ძალების მხრიდან საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან ადამიანების გახშირებულ გატაცებებსა და კონკრეტულად ზაზა გახელაძის დაკავების შემთხვევას. პრეზიდენტმა მოუწოდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა და ფორმატი მაღალ პოლიტიკურ დონეზე ოკუპაციის საკითხზე სასაუბროდ.
შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გაძლიერების მნიშვნელობაზე და საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, რომ ეუთო და შვედეთი აქტიურად ჩაერთოს ფორმატის გაძლიერებისა და ეფექტიანობის გაზრდაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.