პრეზიდენტის ადმინისტრაცია - გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორობის გაძლიერება აშშ-სთან
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გიორგი მარგველაშვილისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს სამიტზე, ნატო-საქართველო-უკრაინის ფორმატის სხდომის ფარგლებში მოკლე შეხვედრა გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერება აშშ-სთან.
„საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით ისაუბრა იმ ინიციატივებზე, რომელიც დაიწყო მიმდინარე წლის მარტში, ვაშინგტონში მისი ვიზიტისას, რაც გულისხმობს ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაციას და გამოხატულია საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიციატივაში“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მათივე ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტრამპთან ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომლის გახსნაც შეიძლება ამ ურთიერთობების გაძლიერებისათვის.