პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ჩინეთის ელჩს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განუცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუში არ ყოფილა მინიშნება ჩინეთთან ურთიერთობებზე ან ჩინეთის პრეზიდენტზე
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა დღეს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პასუხში არანაირი ფორმით არ ყოფილა მინიშნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ან კონკრეტულად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტზე.
„მთლიანი ინტერვიუ მიმართული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, საქართველოზე და რუსეთზე. შესაბამისად, პრეზიდენტის პასუხი შეეხებოდა მხოლოდ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.