პრეზიდენტი თსუ-ს პროფესორებს - თქვენ თუ არ იაქტიურებთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში, ამ ნიშას აითვისებენ პოპულისტები
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თსუ-ს პროფესურას მიმართა, თუ ისინი არ იაქტიურებენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში, ამ ნიშას აითვისებენ პოპულისტები. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიება გაიმართა.
პრეზიდენტმა საზოგადოებას უნივერსიტეტის იუბილე მიულოცა.
„ჩვენ დღეს ვზეიმობთ 100 წელს იმ ინსტიტუციის შექმნისა, რომელმაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა ითამაშა არა მხოლოდ ჩვენი ერის ინტელექტუალური განვითარების კუთხით, არამედ საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესი შექმნა ურთულეს პერიოდში ჩვენი სახელმწიფოს არსებობისა. გავიხსენოთ, უნივერსიტეტი დაარსდა დამოუკიდებელი საქართველოს ფაქტობრივად პირველივე დღეებიდან და მისი დაარსების სულისკვეთება იყო განპირობებული იმ მუშაობით, იმ განცდებით, იმ ფიქრით საქართველოს განვითარების შესახებ, რომელიც წინა თაობებს ჰქონდათ დაგროვებული. უნივერსიტეტმა მისცა ჩვენს სამშობლოს ის ძალიან მნიშვნელოვანი ბურჯი, რომელმაც მნიშვნელოვანწილად გადაგვატანინა 70 წლიანი ოკუპაციის პერიოდი“, – განაცხადა პრეზიდენტმა
მისი თქმით, ეს იყო პერიოდი, როდესაც ეროვნული იდენტობის ყოველგვარი გამოვლენა ასოცირდებოდა სისტემის წინააღმდეგ ბრძოლასთან.
„უნივერსიტეტი გვაძლევდა იმის ცოდნას, რა გზა უნდა გავაგრძელოთ. კი ყველას გვესმოდა რომ ოკუპირებულ ქვეყანაში ვცხოვრობდით, მაგრამ როდესაც გავხდებით დამოუკიდებელნი რა უნდა ვაკეთოთ. ამ ცოდნას ჩემი თაობა იღებდა იმ სამეცნიერო და შემოქმედებით პროცესიდან რომელსაც ჩვენ ჩვენი პროფესორები გვიზიარებდნენ. ნამდვილად განათლება არის თავისუფლების წინაპირობა“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ამასთან, მან ისაუბრა ნაკლოვანებებზეც. გიორგი მარგველაშვილის თქმით, აუცილებელია, თსუ-ს პროფესურის ხმა ისმოდეს სხვადასხვა დისკუსიაში.
„სამწუხაროდ, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში სულ უფრო ნაკლებად ვხედავთ პროფესურის, ლექტორების, იმ ადამიანების აზრებს და შეხედულებებს, ვისკენაც უმდა მივაპყროთ ხოლმე ყურადღება, როდესაც ვფიქრობთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ და საით უნდა წარვმართოთ ჩვენი საზოგადოებრივ პოლიტიკური ცხოვრება.
ამ დისკუსიაში თქვენი ხმა აუცილებლად უნდა ისმოდეს. იმიტომ, რომ ისიც იცოდეთ, თუ თქვენ არ გამოხვალთ და არ მოყვებით იმის თაობაზე, თუ ვინ არის ქართველი, როგორი ტოლერანტული წარსული აქვს ქართველ ერს, არ გაახმოვანებთ იმას, რას წერდა ილია ჭავჭავაძე საქართველოზე, როგორი უნდა იყოს საქართველო. თუ თქვენ არ მოუყვებით ფართო საზოგადოებას, როგორი მრავალეთნიკური და რელიგიური სახელმწიფო შექმნა ჩვენმა ყველაზე დიდმა მონარქმა დავით აღმაშენებელმა, თუ თქვენ არ მიაწვდით ინფორმაციას არა მარტო სტუდენტებს, ფართო საზოგადოებას, რას ფიქრობდა ვაჟა-ფშაველა ქალთა უფლებებზე, მაშინ ეს ნიშა არ დარჩება აუთვისებელი, ამ ნიშას აითვისებენ პოპულისტები და ისინი სულ სხვა რამეში დაარწმუნებენ ჩვენს თანამოქალაქეებს და სხვა სიმართლეს ეტყვიან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.