პრეზიდენტი შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიების წევრებს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიების წევრებს ხვდება.
მხარეები კონკურსებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას განაცხადა, გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზის გამო, დიდი ხანია საზოგადოებას არ ჰქონია შესაძლებლობა, ეზეიმა ჩვენი მეცნიერებისა და ხელოვნების მიღწევები.
„მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მიზნის ირგვლივ შევიკრიბეთ. გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზის გამო, დიდი ხანია საზოგადოებას არ ჰქონია შესაძლებლობა, გვეზეიმა ჩვენი მეცნიერებისა და ხელოვნების მიღწევები. დღეს ამის იურიდიული საფუძველი გვაქვს, რომ იმას, რასაც ჩვენი ხელოვანები მეცნიერებისა და პუბლიცისტიკის მიმართულებით ხუთი წლის განმავლობაში ქმნიდნენ, გარკვეული აღიარება და შეფასება მივცეთ. საზოგადოება თქვენ გიცნობთ და პატივს გცემთ იმ ღვაწლისთვის, რაც საზოგადოების წინაშე გაქვთ. იმედი მაქვს, ძალიან მალე ამ ზეიმს ჩვენთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის მოვაწყობთ, განსაკუთრებულ მიღწევებს გამოვყოფთ და ხალხს გავუზიარებთ. მინდა, ვთხოვო ჩვენ მეცნიერებსა და ხელოვნებაში მოღვაწე ადამიანებს, იაქტიურონ, რომ კომისიას მათი ნამუშევრები მაქსიმალურად მივაწოდოთ. ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი ეს პოტენციალი, რა პერიოდშიც კომისია არ მუშაობდა, სათანადოდ უნდა შეფასდეს“, – მიმართა გიორგი მარგველაშვილმა კომისიის წევრებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული პრემია გაიცემა ყოველწლიურად, თითოეული 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. პრემია პირს ენიჭება საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში.
პრემიების გაცემის პრეროგატივა პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმდინარე წლის მარტში, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად გადაეცა.
შოთა რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურიატებს გამოავლენს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით შექმნილი საერთო კომისია, რომელიც 9-წევრისაგან შედგება. კომისიის თავმჯდომარე და შემადგენლობა დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ, ხოლო საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატებს გამოავლენს ცალკე კომისია, რომლის შემადგენლობაც ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერაა დამტკიცებული.
კონკურსი გამოცხადდა 2018 წლის 11 აპრილს. პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები მიიღება პირველ მაისამდე.