პრეზიდენტი სააკაშვილის განაჩენზე - შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად შეწყალების უფლების კონსტიტუციური მუხლი გამოიყენა
პრეზიდენტი სააკაშვილის განაჩენზე - შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად შეწყალების უფლების კონსტიტუციური მუხლი გამოიყენა

დღეს, როდესაც ჩვენ ვუყურებთ საზოგადოებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმის განხილვას, შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად გამოიყენა  შეწყალების უფლების კონსტიტუციური მუხლი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილ განაჩენზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შეწყალების უფლების მუხლის გამოყენების შემდეგ, პროკურატურის მიერ პოლიტიკური განცხადების გაკეთებაც მოხდა, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ არის მცდელობა კონსტიტუციური უფლების არასწორი ინტერპრეტაციის და ამ თვალსაზრისით, კონსტიტუციური ბალანსისთვის პრობლემების შექმნის.

„მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ საერთაშორისო თვალსაზრისით, სწორედ კონსტიტუციური მუხლით დევნის წამოწყება ბადებს ძალიან ბევრ კითხვას და სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ იმიჯს. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს, რადგან გვიჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ამ მუხლით დევნის განხორციელება ემსახურება კიდევ ერთხელ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას და იმ პრეროგატივების შესუსტებას, რომელიც ძალთა დაბალანსების თვალსაზრისით, პრეზიდენტის ინსტიტუტს გააჩნია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისო თვალსაზრისით, არა ზოგადად საქმე, არამედ ამ მუხლზე წარმოებული დევნა დასვამს სერიოზულ კითხვის ნიშნებს.

„საერთაშორისო საკითხთან დაკავშირებით, მოგახსენეთ, რომ ჩვენ ეს დღეებია ვეძებთ და ვერ მოვიძიეთ პრეცედენტი, სადაც პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებაზე – შეიწყალოს ადამიანი, სადმე, რომელიმე იურისპრუდენციაში მომხდარა კონკრეტულად ამ უფლებიდან გამომდინარე დევნა. შესაბამისად, ვფიქრობ, საერთაშორისო თვალსაზრისით, არა საქმე ზოგადად, არამედ ამ მუხლზე წარმოებული დევნა დასვამს სერიოზულ კითხვის ნიშნებს. არ ვაფასებ კონკრეტულად ამ დავებს, არამედ ვაფასებ იმას, რანაირადაც მოხდა ამ საქმის წარმოება, როდესაც აღებულ იქნა კონსტიტუციური მუხლი, რომელსაც არანაირი შეზღუდვა არ გააჩნია და ამ მუხლის საფუძველზე მოხდა დევნა. ვინც იცნობს კონსტიტუციას, ნახავთ, რომ ეს მუხლი არის პრეზიდენტის აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება. ამ მუხლის საფუძველზე დევნის განხორციელება და არა რაიმე სხვა მუხლის საფუძველზე, თავისთავად იწვევს კითხვის ნიშნებს, ეს ნაბიჯი ქვეყანაში კონსტიტუციური ბალანსის ხელისუფლების შტოთა მიერ, ერთმანეთის გაწონასწორების სისტემის წინააღმდეგ ხომ არ არის გადადგმული?“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე და მაშინდელი ხელისუფლების რეაქცია თავიდანვე იწვევდა ქართული საზოგადოების უაღრეს აღშფოთებას.

„ეს აღშფოთება თავის დროზე გაიზიარა სტრასბურგის სასამართლომაც, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამ სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანები სამწუხაროდ, ზოგიერთი დაწინაურებულ იქნა. რამაც საზოგადოებაში ბუნებრივად კიდევ ერთხელ გააჩინა უნდობლობა სამართალდამცავი სისტემის მიმართ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის შედეგად, სასჯელის რაოდენობა სამ წლამდე შემცირდა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.