პრემიერი - ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით შორს მიმავალი გეგმები გვაქვს
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, 2017 წელს მთავარი მიღწევა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კვირიკაშვილმა 2017 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ მისი გუნდის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებაა.
კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს ამ მხრივ, შორს მიმავალი მიზნები აქვს.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი გუნდის ცენტრალური და მთავარი პრიორიტეტი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია გამომდინარე იქიდან, რომ ამ ვექტორიდან გამომდინარეობს იმ რეფორმების მთავარი ხაზი, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს ვექტორი განსაზღვრავს ჩვენი შიდა რეფორმების უდიდეს ნაწილს. 2017 წელს მთავარი მიღწევა ამ მიმართულებით იყო უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან, რაც მთელ გუნდის ძალიან დიდი წარმატება იყო. რა თქმა უნდა, ეს არ იყო მხოლოდ თავისუფალი მიმოსვლა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჟესტი ევროკავშირის მხრიდან, ეს იყო ნდობის გამოხატვა საქართველოს მიმართ. ჩვენ გვაქვს შორს მიმავალი მიზნები. საქართველოს საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა და სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ ახალი დღის წესრიგით მოქმედებას, რომელიც არის “საგზაო რუკა ევროკავშირისკენ“ და ის გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ასოცირების ხელშეკრულება. ჩვენ ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ წარმატებით განვახორციელებთ ჩვენს პროგრამას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ამავე დროს, ნატო-ში ინტეგრაცია და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა რჩება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად და რა თქმა უნდა, ორივე მიმართულებით, პარალელურად ეს ურთიერთობა გაღრმავდება.